პროექტის ფასილიტატორის შეფასება



პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ წარმატებების მიღწევისათვის.
პროექტის ფარგლებში, ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებისათვის დამენახვებინა საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლებოდა, გადაჭრილიყო, რომელზეც არ არსებობდა ერთი სწორი ან არასწორი პასუხი, რომელიც საჭიროებდა ძიებას, ალტერნატივების დაშვებას, იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა გამოიყენეს ნასწავლი მასალა და პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა მიუსადაგეს რეალური ცხოვრების მიზნებსა და მოთხოვნებს.
მოსწავლეები საინტერესო პროცესის აქტიური მონაწილეები იყვნენ, მათ თავად უხდებოდათ წამოჭრილ პრობლემასთან გამკლავება. ისინი დამოუკიდებლად ეძებდნენ საჭირო ინფორმაციას და ახალი ცოდნით აღჭურვილები უბრუნდებოდნენ განსახილველ საკითხს. ერთობლივად ეძებდნენ გადაჭრის საუკეთესო გზას და აფასებდნენ საკუთარ თავს. თვითშეფასება ეხმარებათ დამოუკიდებელ, ეფექტიან სწავლაში.
პროექტის მსვლელობის განმავლობაში მე ვქმნიდი ღია და მხარდამჭერ გარემოს, ვეხმარებოდი მოსწავლეებს, პასუხისმგებლობა აეღოთ საკუთარ თავზე და გამხდარიყვნენ აქტიური შემმეცნებელნი. პროექტის მონაწილეები ახდენდნენ ცოდნის სისტემატიზაციას, სკოლაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრაციას. მათთვის მუშაობა იყო საინტერესო და სახალისო, რამაც გაზარდა შინაგანი მოტივაცია. იხვეწებოდა ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა ერთი და იმავე საკითხი სხვადასხვა კონტექსტში განიხილეს და შეადარეს; ეძებეს ალტერნატიული და განსხვავებული დასასრული; გაითამაშეს ,,თუ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ...” და ა. შ.
პროექტზე მუშაობის დაწყებამ ნათელყო, რომ ჩემსა და მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დადგა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან, რადგან პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტმა მომცა შესაძლებლობა, სრულად წარმომეჩინა ჩემი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენციები როგორც პარტნიორს. ამ პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ კონსულტანტის როლს ვასრულებდი, ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას ვაძლევდი. ასევე, ვუთითებდი საინფორმაციო წყაროებს. სამუშაოს დაწყებისას შევთანხმდით ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე; მიზნებზე; აქტივობებზე; მუშაობის პირობებზე; სავარაუდო შედეგებზე; შეფასების კრიტერიუმებზე; გადავწყვიტეთ, რომ დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნებოდა:

· ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;

· პრეზენტაციის უნარი;

· მსჯელობა;

· წერითი სამუშაო.

შევთანხმდით მოქმედების ჩარჩოებზე.  შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით მოსწავლეებმა გაინაწილეს სამუშაო. საქმე ჰქონდათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან. ისინი დიდი ხალისით ასრულებდნენ დავალებებს, მსჯელობდნენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებოდნენ. ეძებდნენ მათი გადაჭრის გზებს; მზად იყვნენ სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ იყო წინა პლანზე.
ეს პროექტი დისციპლინათშორისი გამოცდილების გამთლიანებას ემსახურება. მოსწავლეებმა პროექტგაკვეთილით გაიღრმავეს ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ხელოვნებაში. გამოუმუშავდათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საპროექტო თემა სცილდება სასწავლო პროგრამას და პროექტის თემის არჩევა განპირობებული იყო მოსწავლეთა ინტერესებით.
მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი სამუშაოს. დასახულ მიზანს, ჩემი აზრით, მივაღწიეთ და ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები გაკვეთილზე ივითარებდნენ, პრაკტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს. პროექტის დასრულების შემდეგ მათ შეავსეს შეფასებისა და თვითშეფასების სქემები.










No comments:

Post a Comment