პროექტის წერილობითი ანგარიში



სასწავლო-საგანმანათლებლო  პროექტი ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში IIა კლასის მოსწავლეების მიერ დაიგეგმა. მოზარდებში კითხვის უნარის განვითარების, წიგნიერების ხელშეწყობისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით გადავწყვიტეთ, გაგვეხორციელებინა აღნიშნული პროექტი და მოპოვებული ინფორმაციები, გადაღებული ფოტო-მასალები გაგვეზიარებინა როგორც უფროსებისთვის, ასევე თანატოლებისთვის. ეს გახლავთ წინა პროექტის ,,წიგნი-ცოდნის გასაღები” გაგრძელება.
მოსწავლეებმა ჩემთან ერთად დაგეგმა და განახორციელა შემდეგი აქტივობები:

აქტივობა I-განსახილველი მოთხრობებისა და ზღაპრების შერჩევა
(01.10-15.10.2013)
პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები იგეგმებოდა მოსწავლეებთან ერთად. როდესაც წარმოიშვა იდეა სასწავლო პროექტის ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა” განხორციელების შესახებ, მათ დაიწყეს ფიქრი სამუშაოების სწორად შერჩევისა და გადანაწილების შესახებ. მოსწავლეები კარგად გაეცნენ პროექტის არსს და ერთობლივად დაიწყეს შესაბამისი მოთხრობებისა და ზღაპრების მოძიება. მათ ამ სამუშაოსთვის დასჭირდათ ორი კვირა. ყველა მოსწავლეს მოჰქონდა შერჩეული ნაწარმოები და ვმსჯელობდით თითოეული მათგანის ღირებულებაზე, მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. შერჩევის შემდეგ ნაწარმოებები დავყავით ნაწილებად. ერთობლივად ვიმსჯელეთ ცალკეულზე და შემდეგ შეუდგნენ მათ დამუშავებასა და ერთმანეთისათვის გაზიარებას.
აქტივობა II-შერჩეული ზღაპრებისა და მოთხრობების  პრეზენტაცია (16.10-22.10.2013)
მთელი ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები ინტენსიურად მუშაობდნენ, არ იშურებდნენ ძალასა და ენერგიას; კარგად დაისწავლეს თავთავიანთი ნაწარმოებები. ჩემი დახმარებით საინტერესოდ გააკეთეს ცალკეული ტექსტის ანალიზი, პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი თვისებების ნათლად და მკაფიოდ გამოყოფა, მოქმედი გმირების ემოციების გათავისება, შედარება, წერილობით ჩამოყალიბება...
თითოეული ჯგუფი გაწერილ დროს აკეთებდა პრეზენტაციას და E-learning -ის  საშუალებით უზიარებდა ერთმანეთს.
აქტივობა III-კვირის გეგმის შედგენა (07.10. 2013)
მუშაობის პროცესში  მოსწავლეები ადგენდნენ კვირის გეგმას, მუდმივად აკონტროლებდნენ, მისდევდნენ თუ არა დაგეგმილს, აფასებდნენ, როდის უკეთ გადიოდნენ შედეგზე. შესაბამისად, იზრდებოდა მათი მოტივაცია.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების წინაშე იდგა პრობლემა, ისინი მოვლენებს ახლებურად ხედავდნენ, თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრებს და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით ეძებდნენ გადაჭრის გზებს. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ისინი თვითონ იმუშავებდნენ შესაძლო სტრატეგიებს, გეგმავდნენ შესასრულებელ სამუშაოებს და გაწერილ  დროში წარუდგენდნენ თანაკლასელებს. ამ შემთხვევაში ისინი იყვნენ აქტიურნი და  თავისუფალი თვითშემმეცნებელნი.
მოსწავლეები ძველი და ახალი ცოდნის შედარებით აგროვებდნენ ახალ ინფორმაციას, ხდებოდა ცოდნის აგება, კონსტრუირება. ისინი თავად ამზადებდნენ სხვადასხვა დეტალს, ხატავდნენ, აფერადებდნენ, ჭრიდნენ, ქმნიდნენ ახალ პროდუქტს. იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, გამოყოფდნენ მნიშვნელოვანს და უზიარებდნენ ერთმანეთს დროის ლიმიტის დაცვით (თვითრეგულაცია).
აქტივობა IV- ხელოვნების გაკვეთილებზე საპრეზენტაციო მასალების დამზადების პროცესი (23.10-18.11.2013)
მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილებზე ამზადებდნენ სხვადასხვა საპრეზენტაციო მასალას. იყენებდნენ მრავალი ტიპის ხაზსა და ფერს ნამუშევარში განწყობილების გადმოსაცემად. ქმნიდნენ ლიტერატურული ნაწარმოების მარტივ ილუსტრაციებს. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ამოცანის დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად გადაჭრას. საინტერესოდ საუბრობდნენ ნამუშევრის შინაარსა და მასში გამოხატულ განწყობილებაზე. ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნიდნენ აპლიკაციებს, კოლაჟსა და მოზაიკას. ხატავდნენ ფანტაზიით შექმნილ გარემოსა და სიუჟეტებს. შემდეგ უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევრებზე, საუბრობდნენ სხვისი ნამუშევრებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე; საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ იდეებზე. განმარტავდნენ, რატომ მოსწონდათ ესა თუ ის ილუსტრაცია. ქმნის თუ არა ნამუშევარი ჩანაფიქრის შესატყვის შთაბეჭდილებას; რა მხრივ გამოირჩევა თითოეული ნამუშევარი, რომელი ნიმუში უფრო საინტერესოდ მიაჩნიათ და რატომ...
მოსწავლეებმა ურთიერთდახმარებით უამრავი ინფორმაცია მოიძიეს და ჩაწვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი, როგორც ცოდნის წყარო და თავიდანვე ჩაინერგეს წიგნისადმი სიყვარული. მოსწავლეები თავად ეზიარნენ წიგნის შექმნის პროცესს და იგრძნეს საკუთარი პასუხისმგებლობა.
 აქტივობა V-საპრეზენტაციო მასალების წარდგენა და დეტალური ანალიზი (10.05.2013)
მოსწავლეებმა კლასის წინაშე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. თანაკლასელები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რით გამოირჩეოდა თითოეული მოსწავლის ნახატი; როგორი ფორმები, ფერებია გამოყენებული, რამდენად გამოკვეთილია თითოეული პერსონაჟისათვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორი ნახატი შექმნეს მოზაიკისათვის, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს მათზე ესა თუ ის ნამუშევარი, ხომ არ წარმოეშვათ მუშაობის პროცესში რაიმე სირთულე, აქვთ თუ არა სურვილი, დამოუკიდებლად შექმნან ნამუშევრები ამ მასალითა და ტექნიკით...
ხელოვნების გაკვეთილებზე დახატული სურათები, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი სხვადასხვა დეტალი აკინძეს და შექმნეს ახალი, მთლიანი პროდუქტები-წიგნები, პერსონაჟების მოდელები, თოჯინები. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამხნევებდნენ, თანამშრომლობდნენ პრობლემის  ერთობლივად გადაჭრისა და საერთო მიზნის მიღწევის მიზნით. მათი მონდომება, ძალისხმევა, კონკრეტული ქმედება წახალისებული იყო.
მოსწავლეები Classroom Management-ის საშუალებით ნახულობდნენ ერთმანეთის ვიდეოებს, ფოტოებს, აძლევდნენ მეგობარს რჩევებს, თუ რომელი იყო უკეთესი, შეჰქონდათ გარკვეული კორექტივებიც, რათა გაეკეთებინათ პრეზენტაცია.
თითოეული ჯგუფის წევრი მონაცვლეობით წარმოადგენდა საკუთარ ნამუშევარს. აღნიშნავდნენ, თუ ვინ რომელი ზღაპარი აირჩია და რატომ, ზღაპრის გმირის რა დამახასიათებელ ნიშნებზე გაამახვილა ყურადღება, როგორი ფორმა გამოიყენა გარეკანისათვის...
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მოიწვიეს მშობლები, დაწყებითი კლასის სხვა მოსწავლეები და მოაწყვეს საჯარო პრეზენტაცია.

აქტივობა VI-საბალეტო ნომრის მომზადება (01.11-10.12.2013)
ოთხი მხიარული და საყვარელი გოგონა მთელი ამ ხნის განმავლობაში დაუღალავად მეცადინეობდა ულამაზესი საბალეტო ცეკვის დასადგამად. მათ ეხმარებოდათ გამოცდილი ქორეოგრაფი თამარ ყიფიანი. შეარჩიეს არაჩვეულებრივი მუსიკა, ჩაიკოვსკის ,,მაკნატუნადან” ვალსი. ნომერი მართლაც, შთამბეჭდავი იყო. დიდი ეფექტი მოახდინა ღონისძიებაზე და ყველას მოწონება დაიმსახურა.
აქტივობა VII- სტუმრად ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში (02.12.2013)
მოსწავლეები წავიყვანე ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, რათა გაცნობოდნენ გარემოს, სადაც უნდა გაემართათ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა” პრეზენტაცია. მათ ძალიან კარგი გარემო დახვდათ. მუზეუმის თანამშრომლებმა თბილად მიიღეს ისინი და გააცნეს იქ არსებული თითოეული მნიშვნელოვანი ექსპონატი. ბავშვები დიდი ყურადღებით ისმენდნენ, აკვირდებოდნენ სხვადასხვა ქალაქებში მოპოვებულ ისტორიულ ნივთებს, სვამდნენ ბევრ კითხვას, აკეთებდნენ მოსმენილის რეზიუმირებას.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში არსებული ყველა დარბაზი და კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლში.
აქტივობა VIII- სასწავლო საგანმანათლებლო პროექტის ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა” საჯარო პრეზენტაცია (11.12.2013)
მოსწავლეებმა ცოდნის გამყარების მიზნით მოაწყვეს გრანდიოზული სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიება. ჩემი და სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მოიწვიეს უამრავი სტუმარი და შეეცადნენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას.
ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან. მათგან სისტემატურად ვიღებდით და ამასთანავე ვითვალისწინებდით  სასარგებლო რჩევებს. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით, 2013 წლის 11დეკემბერს, ღონისძიებაზე, მოიწვიეს უნივერსიტეტის თანამშრომლები: პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პედაგოგიკის დეპარტამენტის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი; სრული პროფესორი ლეილა აბზიანიძე;  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო განყოფილების უფროსი, პედაგოგიური ფაკულტეტის, პედაგოგიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ღირსების ორდენოსანი იმერ ბასილაძე; ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სრული პროფესორები  ქეთევან დეკანოზიშვილი და იზოლდა რუსაძე, ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმის დირექტორი სრული პროფესორი ომარ ლანჩავა.
აგრეთვე იმყოფებოდნენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მარგველაშვილი, დირექტორის მოადგილე მერაბ გრიგოლაშვილი, დაწყებითი კლასების პედაგოგები, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნატალია ჩარკვიანი, IIა კლასის მოსწავლეების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება თემატიკასთან დაკავშირებით, შეაფასა ღონისძიება და მოსწავლეებს კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.
ასეთ შემთხვევაში სწავლა აქტიურ პროცესად გარდაიქმნება და იგი არაა მოსაწყენი, ერთფეროვანი. მოსწავლეები მოტივირებულნი არიან და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ. ისინი ხალისით მუშაობენ, თანამშრომლობენ ერთმანეთთან. კოლაბორაცია, გუნდური  მუშაობა მათი სტრატეგიაა.
ისტ-ი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ. ინფორმაციის გაზიარება ბუკის საშუალებით მათთვის იყო ერთადერთი გზა და მიეცათ მეტი შანსი, ყოფილიყვნენ შემოქმედებითნი, ინოვაციურები., მონაწილეობას იღებენ საკუთარი სწავლის პროცესში.  წახალისებულია მათი შემოქმედებითობა.
ხელოვნების გაკვეთილებზე ფოტოს გადაღების დროს მოსწავლეები ცდილობდნენ, რომ ეკრანზე გამოსახულება ზუსტად და სუფთად აღბეჭდილიყო, არეგულირებდნენ დროს, შეცდომების შემთხვევაში ხელახლა უხდებოდათ გადაღება. ის მასალები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აუცილებლად ითხოვდა კომპიუტერის გამოყენებას. სხვა რესურსი ფაქტობრივად, მათთვის მიუწვდომელი იყო. ბუკის საშუალებით ადვილად ახდენდნენ ფოტოებისა და პრეზენტაციების დემონსტრირებას.
და ბოლოს, შევქმენით ბლოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, განვათავსოთ ჩვენ მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების ამსახველი ფოტო-მასალა, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება.


                    პროექტზე მუშაობის ვადები


ეტაპები
ვადები/დაწყება
დამთავრება

განსახილველი მოთხრობებისა და ზღაპრების შერჩევა
01.10
15.10.2013
შერჩეული ზღაპრებისა და მოთხრობების  პრეზენტაცია
16.10
22.10.2013
კვირის გეგმის შედგენა

07.10

ხელოვნების გაკვეთილებზე საპრეზენტაციო მასალების დამზადების პროცესი

23.10
18.11.2013
საპრეზენტაციო მასალების წარდგენა და დეტალური ანალიზი
10.05.2013

საბალეტო ნომრის მომზადება
01.11
10.12.2013
სტუმრად ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში
02.12.2013

სასწავლო საგანმანათლებლო პროექტის ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა” საჯარო პრეზენტაცია
11.12.2013




პროექტის ფასილიტატორი    ნინო გამყრელიძე

No comments:

Post a Comment